გადახვიდეთ შინაარსზე
MCG Market
ბლოგში დაბრუნება1 სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის შემოწმება იწყება

1 სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის შემოწმება იწყება

Vash··
კანონიუსაფრთხოებამოტოციკლი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 1 სექტემბრიდან გზებზე სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის შემოწმება დაიწყება. შემოწმება ჩატარდება სერტიფიცირებული პორტატული მოწყობილობით, რომელიც ISO 5130:2019 სტანდარტთან არის შესაბამისობაში.

ეს ნიშნავს, რომ კონტროლი აღარ უნდა იყოს მხოლოდ „ყურით შეფასება“. ხმაური უნდა გაიზომოს აპარატით და კონკრეტული წესით.

მთავარი რიცხვი: დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში - 23:00-დან 08:00-მდე - სატრანსპორტო საშუალების ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.

დღის საათებზე და დასახლებული პუნქტის გარეთ მოქმედებს სხვა ტექნიკური ნორმები, რომლებიც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ამ სტატიაში მთავარი ყურადღება გვაქვს ღამის 80 dB ზღვარზე და იმაზე, როგორ უნდა გაიზომოს მოტოციკლის ხმა სამართლიანად.

რა ჯარიმებია?

  • პირველი დარღვევა - 100 ლარი და მართვის მოწმობის ქულების 10 ქულით შემცირება;
  • განმეორებითი დარღვევა - 200 ლარი და 20 ქულით შემცირება;
  • მესამე და ყოველი შემდეგი შემთხვევა - 300 ლარი და 30 ქულით შემცირება.

რას ნიშნავს ეს მოტოციკლის მფლობელებისთვის?

თუ მოტოციკლს ქარხნული ან ლეგალური გამონაბოლქვი აქვს, კარგი იქნება საბუთში ან CoC-ში მოძებნოთ ხმაურის მონაცემები: U.1, U.2 და U.3. ეს დაგეხმარებათ იცოდეთ, რა არის თქვენი ბაიკის ქარხნული reference value.

თუ გამონაბოლქვი შეცვლილია, dB killer მოხსნილია, მაყუჩი დაზიანებულია, ან სისტემა აშკარად ზედმეტად ხმაურიანია, 1 სექტემბრამდე შემოწმება ჯობს. პრაქტიკული რჩევა მარტივია: გამონაბოლქვი იყოს გამართული, არ მოხსნათ ხმის დამხშობი ელემენტები და aftermarket სისტემის დაყენებისას წინასწარ შეამოწმეთ, აქვს თუ არა მას გზაზე გამოყენებისთვის შესაბამისი დამტკიცება.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა: შემოწმება უნდა იყოს სამართლიანი

ძალიან ბევრი პოპულარული მოტოციკლი ადგილზე გაზომვისას 80 dB-ზე მაღლა იქნება, მათ შორის ქარხნული და Euro 5 შესაბამისი მოდელებიც. ამიტომ მძღოლების მთავარი მოლოდინი უნდა იყოს არა წესების არარსებობა, არამედ სწორი და სამართლიანი გაზომვა.

სამართლიანი შემოწმება ნიშნავს: პოლიციამ უნდა მიუთითოს, რა ტიპის გაზომვა ჩატარდა, რა rpm-ზე იზომებოდა ხმა, რა მანძილზე იდგა აპარატი და იყო თუ არა დაცული სწორი კუთხე. Euro 5-ის 77 dB და ადგილზე გაზომილი 90+ dB ერთი და იგივე ტესტი არ არის.

რატომ არის მნიშვნელოვანი, როგორ გაზომავენ?

მოტოციკლის ხმა ერთი რიცხვი არ არის. ერთი და იგივე ბაიკს სხვადასხვა შედეგი ექნება, თუ ხმას გაზომავ idle-ზე, გაზის მიცემისას ადგილზე, ან მოძრაობისას გზაზე. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „რამდენი dB აჩვენა აპარატმა“, არამედ რა წესით გაზომეს.

ISO 5130:2019 გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ხმაურის გაზომვის მეთოდია. მარტივად რომ ვთქვათ: მიკროფონი უნდა იდგეს გამონაბოლქვის წერტილიდან დაახლოებით 0.5 მეტრში, 45° კუთხით, გამონაბოლქვის სიმაღლეზე, მაგრამ მიწიდან არანაკლებ 0.2 მეტრზე. თუ რამდენიმე გამოსასვლელია, ზოგ შემთხვევაში გაზომვა თითოეულ გამოსასვლელთან შეიძლება გახდეს საჭირო.

საქართველოს მთავრობის დადგენილება ამბობს, რომ შესაბამისობის დადგენის დეტალური წესი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. ამიტომ საბოლოოდ სწორედ ეს წესი უნდა აჩვენებდეს, როგორ ჩატარდება გზისპირა შემოწმება პრაქტიკაში.

RPM ანუ ბრუნი რატომ წერია?

ბევრ მოტოციკლს საბუთში ან ქარხნულ მონაცემში უწერია მსგავსი რამ: 91 dB(A) @ 5,375 rpm. ეს ნიშნავს: ხმა გაზომილია ადგილზე, კონკრეტულ ბრუნზე. ანუ 91 dB მარტო არაფერს გვეუბნება, თუ არ ვიცით, რა rpm-ზე და რა მანძილიდან გაზომეს.

ISO/ECE ტიპის stationary-noise მეთოდში ბრუნი უკავშირდება ძრავის იმ სიჩქარეს, სადაც მწარმოებლის მონაცემით ძრავი მაქსიმალურ სიმძლავრეს ავითარებს. ამიტომ შემოწმება არ უნდა იყოს შემთხვევითი „დააგაზე და ვნახოთ“ მეთოდი. rpm უნდა იყოს განსაზღვრული და გაზომვისას დაახლოებით დაცული.

Euro 5-ის 77 dB და 91 dB ადგილზე ერთი და იგივე არ არის

აქ ყველაზე ხშირი დაბნეულობა იწყება. ბევრს ჰგონია, რომ თუ მოტოციკლი Euro 5-ია, ის ყველანაირ გაზომვაში 77 ან 80 dB-ზე დაბლა უნდა იყოს. ასე არ არის.

Euro 5-ში მთავარი ხმაურის ტესტი არის მოძრაობისას გაზომილი ხმა - ე.წ. drive-by / pass-by noise. მარტივად: მოტოციკლი მოძრაობს და ხმა გზის გვერდიდან იზომება. მაღალი სიმძლავრის ბევრ მოტოციკლზე ეს Euro 5 რიცხვი დაახლოებით 77 dB(A)-ია.

მაგრამ საბუთში არსებული 91 dB(A) @ 5,375 rpm ტიპის რიცხვი სხვა რამეა. ეს არის ადგილზე, გამონაბოლქვთან ახლოს გაზომილი ხმა. ასეთი stationary მონაცემი ბევრ ქარხნულ, სრულიად ლეგალურ მოტოციკლზე 90 dB-ზე მეტია.

მოკლედ:

  • Euro 5 ≠ 91 dB stationary limit - Euro 5 არ ნიშნავს, რომ ადგილზე გაზომვისას ბაიკი 77 ან 80 dB-ზე დაბლა იქნება;
  • Euro 5 ≈ 77 dB drive-by/pass-by - ეს ძირითადად მოძრაობისას, ტიპ-დამტკიცების ტესტის რიცხვია;
  • Stationary / ადგილზე გაზომვა - შეიძლება იყოს 90-100 dB(A) და მოტოციკლი მაინც იყოს ქარხნულად Euro 5 შესაბამისი.

საბუთებში რას ვეძებთ?

ევროპულ სარეგისტრაციო დოკუმენტებში ხმაურის მონაცემები ხშირად ასე იყოფა:

  • U.1 - ადგილზე გაზომილი ხმა dB(A)-ში;
  • U.2 - rpm, ანუ რა ბრუნზე იზომება U.1;
  • U.3 - მოძრაობისას / drive-by გაზომილი ხმა dB(A)-ში.

თუ ბაიკს U.1-ში უწერია 91 dB(A), ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის უკანონოდ ხმაურიანია. ეს ნიშნავს, რომ ქარხნულად ადგილზე გაზომვისას მისი reference value არის 91 dB(A) კონკრეტულ rpm-ზე.

წყაროები და დამატებითი ბმულები

მსგავსი პოსტები